მცხეთა
მცხეთისა და „დიდი მცხეთის“ ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. III—II ათასწლეული). გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანაში (ძვ. წ. II—I ათასწლეული) იგი მჭიდროდაა დასახლებული (სამთავროს, ზემო ავჭალის, წიწამურის, ნარეკვავის, წეროვნის, ნაბაღრევის სამაროვანი და ნამოსახლარები). ბრინჯაო-რკინის ხანაში მოსახლობათა ურთიერთობა კავკასიის ცივილიზაციის სინქრონულ კერებთან სამთავროს მეშვეობით ხორციელდებოდა. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან მცხეთის ისტორიაში აისახა ახლო აღმოსავლთის უძველეს პოლიტიკური წარმონაქმნთა ცხოვრებისათვის დამახასიათებელი დიდი ძვრები — ძვ. მცხეთაში შემოიჭრა ძლიერი კულტურული ნაკადი, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ქალაქის ცხოვრება III — IV საუკუნეებამდე, ძვ. სამოსახლოების განვითარება, მათი ერთ დიდ ქალაქად, დიდ მცხეთად გაერთიანება, რომლის ერთ-ერთი თავისებურება იყო მოსახლეობის ეთნოგრაფიული სიჭრელი, მისი სოციალური და პროფესიული დიფერენციაცია. ლეგენდის თანახმად, ქალაქი დააარსა ეთნარქმა მცხეთოსმა. არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება „მცხეთა“ წარმოდგება მესხთა (მოსხები — მუშქები) ტომის სახელიდან. ამ ტომის სამოსახლო მცხეთის ტერიტორიაზე ძვ. წ. VIII საუკუნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო. ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოდან მცხეთა ახლად წარმოქმნილი ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრია. ქალაქის დაწინაურებასა და განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა — აქ გადიოდა საერთასორისო სავაჭრო გზები, რომლებიც მდინარეების არაგვისა მტკვრის გაყოლებით მიემართებოდა. ანტიკური ხანის დიდი მცხეთა — „არმაზით კერძი ქალაქი“ — მტკვრის მარჯვენა ნაპირზე და „მუხნარით კერძი ქალაქი“ — მტკვრის მარცხენა ნაპირზე — შედგებოდა რამდენიმე, ერთმანეთისაგან განმხოლოებული უბნისაგან — საკუთრივ მცხეთა, არმაზი, მოგვთაკარი, სარკინე, წიწამური (იგივე სევსამორა) და სხვა, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებოდა ხიდებით. თითოეულ უბანში მოსახლეობა მისდევდა ძირითადად მეურნეობის ერთ რომელიმე სახეობას — ლითონის წარმოებას (სარკინე), სოფლის მეურნეობას (წიწამური), მეთუნეობას (კარსნისხევი) და სხვა. ყოველ უბანს ჰქონდა გალავანი, კარი, მოედანი, სავაჭრო სახლები, აბანო, წყალსადენი და სხვა. ტაძრები შენდებოდა გორაკებზე (არმაზის კერპი — ბაგინეთის მთაზე, აინინა და დანინა — არმაზის გზის პირას, ზადენი — წიწამურის გორაზე და სხვა). საცხოვრებელი უბნები შეფენილი იყო მთის კალთებზე, ხოლო დაბლობში განლაგებული იყო სახელოსნოები, ხილის ბაღები და ვენახები, სასაფლაოები. არმაზისხევში იყო პიტიახშთა რეზიდენცია — არისტოკრატიის უბანი.
1874 წლიდან მცხეთაში სამთავროს სამაროვანს თხრიდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება. გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევა გაიშალა 1930-იანი წლებიდან (ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია; შემდეგ წლებში — ა. კალანდაძე, მ. ივაშჩენკო, გ. გობეჯიშვილი, გ. ლომთათიძე, ა. აფაქიძე და სხვები). სადირექტივო ორგანოების გადაწყვეტილებით 1940 არქეოლოგიურ და არქიტექტურულ ნაკრძალად გამოცხადდა არმაზის მიდამოები, 1957 — ძვ. მცხეთის ტერიტორია მდინარეებს არაგვსა და მტკვარს შუა ბებრის ციხამდე, 1966 — მცხეთის ტერიტორია მთლიანად. 1968 წლიდან მცხეთა ქალაქ-მუზეუმი.
1975 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე). სხვადასხვა დროს მცხეთასა და მის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი: სამაროვნები და ნამოსახლარები (ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელი რკინის ხანამდე). ანტიკური ხანის სხვადასხვა სახის სათავდაცვო და საქალაქო ნაგებობები (სასახლის, აბანოების ნანგრევები), „სახლი საკრძალავი“, მავზოლეუმის ტიპის აკლდამის ნაშთები, სამაროვნები (არმაზისციხე, არმაზისხევი, მოგვთაკარის უბანი და სხვა), შემოტანილი და ადგილობრივი წარმოების ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების მაღალმხატვრული ნაკეთობანი, მინისა და კერამიკული ჭურჭელი, მეთუნეთა ნამოსახლარი და სამაროვანი, კერამიკული სახელოსნოსა და და მარნის ნანგრევები (კარსნისხევი) და სხვა. ადრინდელი ფეოდალური ხანის სამაროვნები (სამთავრო, ქ. მცხეთა, კოდმანი, მუხათგვერდი, არმაზისხევი, კარსანი, არაგვის მარცხენა ნაპირი და სხვა). რკინის სადნობი სახელოსნო, საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობათა ნაშთები (გრძელი მინდორი, სარკინე, ნასტაკისი, მთა-ქართლი), სათავდაცვო და საკულტო ნაგებობები (ავჭლისკარი, წიწამურის სერი, ღართისკარი, ძალისი), ეპიგრაფიკული ძეგლები ბერძნულ-ებრაული და არმაზულ-არამეული წარწერები (არმაზისხევი, სამთავრო, ავჭალისკარი). მცხეთის კარიბჭე, კათალიკოსის სასახლე, ტაძრის ნაშთები.
არქეოლოგიური ძეგლების, ეპიგრაფიკული მასალისა და წერილობითი წყაროების საშუალებით ხერხდება მცხეთის ისტორიის, საქალაქო ცხოვრებისა და ხუროთმოძღვრული სახის აღდგენა.
მცხეთის ისტორიული მონუმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გეთსამანია — ეკლესია, მდებარეობს მცხეთის დასავლეთ ნაწილში. თბილისი-მცხეთის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ბექობზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია ნაგებია ქვიშაქვის არათანაბარი დიდი კვადრებით. შემორჩენილი იყო მხოლოდ აღმოსავლეთის ნახევარწრიული აფსიდი (სიღრმე 1,85 მ, კედლის სისქე 0,65 მ). აფსიდის ღერძზე ერთი ფართო სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით ოთხკუთხა ნიშია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ირგვლივ XVIII-XIX საუკუნეების საფლავის ქვებია. 2007-2008 წლებში ტაძარი სრულად აღდგა და ამჟამად არის მოქმედი.
ბარბარეთის ეკლესია, წმ. ბარბალეს ეკლესია — ეკლესია დგას მცხეთის ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (8,15 X 4,45 მ), ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი თანაბარი კვადრებით. ეკლესია დახვეწილი პროპორციებისაა. დარბაზის კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. საკურთხეველში ერთი სარკმელია, მის ორივე მხარეს ნახევარწრიული მაღალი ნიშებია, რომლებიც იატაკიდან იწყება. დასავლეთის კედელი მოჩარჩოებულია დეკორატიული თაღით. ასეთივე თაღები იყო სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლების აღმოსავლეთ ნაწილში. დასავლეთ ფასადზე ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერიდან იკითხება მხოლოდ სახელი სტეფანე.
ოლღას მონასტერი, ახალქალაქური მონასტერი (ცნობილი ისტორიულ წყაროებში) — მცხეთის დედათა მონასტერი, მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის პირისპირ, მთის კლდოვან ფერდზე, მდინარე მტკვარის მარჯვენა ნაპირზე, აგებულია XI-XII საუკუნეებში.
აქ არსებული სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიები. ისტორიულ წყაროებში ღვთისმშობლი ეკლესია ცნობილია ახალქალაქურის სახელწოდებით. 1609 წელს ლუარსაბ II-საგან დევნილმა გიორგი სააკაძემ თავის ახლობლებთან ერთად ახალქალაქურ მონასტერს შეაფარა თავი.
„მას ზეით მცხეთის ხიდის სამხრით არს მონასტერი ახალქალაქური, ყოვლადწმიდისა, უგუნბათო, კეთილს ადგილს, იდგნენ მოწესენი.“ | |
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904 წ., გვ. 76) |
როგორც ნატროევი თავის ნაშრომში იუწყება, ამ ადგილას სამი ეკლესია მდგარა: წმ. ეკატერინესი, ღვთისმშობლის მიძინების და წმ. მოწამე მარინესი. 1891 წელს ოლღა გორნიჩმა გააწმენდინა მიწით დაფარული ეკლესია, შეაკეთებინა და დააარსა იქ დედათა მონასტერი. მონასტერი იკურთხა საქართველოს ეგზაქოსი პალადის მიერ იმავე წელს.
ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (13,6X6,7 მ), ნაგებია საშუალო ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. აღმოსავლეთით განიერი, ნახევარწრიული აფსიდია. დარბაზის ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში გაჭრილია თითოსარკმელი. კანკელი (XVIII-XIX სს.) იმეორებს შუა საუკუნეების კანკელთა ფორმას.